სიახლეები
ინტერვიუ

„მენტორი, წამყვანი, უფროსი მასწავლებლები იღებენ დანამატს, მაგრამ მხოლოდ გაკვეთილებს ატარებენ და არ მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში“
10-03-2021
-
+


ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი - მასწავლებლის შიდა შეფასებისა და მისი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ბაზაზე შექმნილი ჯგუფი“, - ეს ჩანაწერი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არცთუ დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა იმთავითვე ბევრი კითხვა წარმოშვა. ფაქტი ერთია - ხარისხის მართვის ჯგუფი აკვირდება ყველაფერს, რაც სასკოლო ცხოვრებაში ხდება და თავის დროზე, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემაც აღნიშნა: „ჩვენ გვინდა, სკოლაში შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის ფორმატით დაესწრება გაკვეთილს. ეს დაგვეხმარება, პედაგოგი გახდეს უკეთესი. აღარ უნდა იყოს გარედაკვირვება და საბუთომანიაშეიძლება, მასწავლებელს საერთოდ არ ჰქონდეს გაკვეთილის გეგმა, მაგრამ უნდა შეძლოს მოსწავლის გაკვეთილით დაინტერესება. ეს არის მთავარი. მე მაინტერესებს, შეძლო თუ არა მოსწავლემ გაკვეთილის გააზრება. ჩვენი ორიენტაცია არის შედეგზე“.

წესით, ეს ჯგუფი სკოლებში სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა შექმნილიყო, მაგრამ საბოლოდ, რა შედეგზე გავა საქართველოს საგანმანათლებლო სფერო, არავინ იცის. შეიქმნა თუ არა ხარისხის მართვის ჯგუფები სკოლებში და კონკრეტულად რა მოეთხოვება მათ; არის თუ არა ანაზღაურებადი მისი წევრობა და რამდენად ობიექტურად აკომპლექტებს სკოლის დირექტორი? - ამ კითხვებით etaloni.ge-მ მასწავლებლის სახლის დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს მიმართა.

- ხარისხის მართვის ჯგუფის შექმნა, თავიდან ბოლომდე, სკოლის გადაწყვეტილებაა, რომელიც საკუთარი საჭიროების მიხედვით უნდა მიიღოს. ხარისხის მართვის მართვის ჯგუფს არ აქვს დასჯის მექანიზმი, ის მხოლოდ აფასებს და მასწავლებელსაც ვერაფრით დააზარალებს.

- თუ არანაირი ბერკეტი არ გააჩნია და ქმედით ნაბიჯებს ვერ გადადგამს, მაშინ რა საჭიროა ამ ჯგუფის შექმნა?

- პოლიცია ხომ არ ვართ? ხარისხის მართვის ჯგუფმა რომც მოინდომოს, ვერავის დასჯის, რადგან ეს არსად წერია. მისი შექმნის იდეას ორი ბუნება აქვს: ერთი - დაეხმაროს სკოლას ავტორიზაციაში; მოგეხსენებათ, ახლა იწყება სკოლების ავტორიზაცია, უზარმაზარი კითხვარებია შესავსები და შემდეგ სკოლებში უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა სწავლა-სწავლებაში, დისციპლინაში, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაში... 1500-ბავშვიან სკოლაში ამ ყველაფერს დირექტორი ხომ ვერ გააკეთებს? -  ხარისხის მართვის ჯგუფი არის შუამავალი, დამხმარე ადმინისტრაციისთვის, რათა მან უკეთ მართოს სკოლა.

ახლა რაც შეეხება მასწავლებლებს: ახალი სქემის მიხედვით მათ უნდა გაიარონ პროფესიული განვითარება და სწორედ ამის დადგენაში ეხმარება ხარისხის მართვის ჯგუფი; გარდა ამისა, ვინ უნდა შექმნას სასკოლო სასწავლო გეგმა? - ხარისხის მართვისა და თანამშრომლობის ჯგუფმა კათედრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეკრიბოს და შეიქმნას საზოგადოების საჭიროებაზე მორგებული სასკოლო სასწავლო გეგმა. აქედან გამომდინარე, ხარისხის მართვის ჯგუფი ეხმარება დირექტორს სკოლის მართვაში, ავტორიზაციის პროცესში; მასწავლებელს ეხმარება პროფესიული საჭიროების დადგენაში და მესამე - ეხმარება სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენაში, რომელიც მორგებულია კონკრეტულ სასკოლო საზოგადოებაზე.

- ანაზღაურებადია ამ ჯგუფის წევრობა, ბატონო ბერიკა?

- მუდმივად ისმის, რომ მენტორი, წამყვანი, უფროსი მასწავლებლები იღებენ დანამატს, მაგრამ მხოლოდ გაკვეთილებს ატარებენ და არ მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, 1250 ლარს იღებს მასწავლებელი  დანამატის სახით და ატარებს 15 გაკვეთილს! არადა მისი მოვალეობა უნდა იყოს სკოლის მართვაში მონაწილეობა. ერთ საგანში გაკვეთილების ჩატარებით ამხელა დანამატს მასწავლებელი არ უნდა იღებდეს! მაშინ რა ქნას დირექტორმა, რომელსაც სტატუსიანი მასწავლებლის ხელფასის ნახევარი აქვს და ამხელა პასუხისმგებლობა?

- ანუ, ხარისხის ჯგუფის წევრობა ანაზღაურებადი არ არის, რადგან მიგაჩნიათ, რომ მასწავლებლები ისედაც მაღალ ხელფასს იღებენ და პასუხისმგებლობა თუ საქმე, ენთუზიაზმის საფუძველზე უნდა დაიმატონ?

- არა, ანაზღაურებადი არ არის, თუმცა სამომავლოდ, ამ მხრივ, შესაძლოა რაღაცეები შეიცვალოს. სკოლის გადასაწყვეტია, იმის მიხედვით, რამდენად კარგად წარმოაჩენს ეს ჯგუფი თავს და რამდენად საჭირო იქნება სკოლისთვის.

- ბატონო ბერიკა, კრედიტებზეც გკითხავთ - იყო შემთხვევა, როდესაც პედაგოგმა, გასაჩივრების შემდეგ, 0-დან 4 კრედიტი მიიღო. აქ ავტომატურად ეჭვქვეშ დგება შეფასების ჯგუფის ობიექტურობა და კომპეტენტურობაც კი, არ მეთანხმებით?

- უნდა ვაღიაროთ, კრედიტებისა და შეფასების ჯგუფის მუშაობამ ვერ გაამართლა მოლოდინი. მართლაც გაურკვეველია, რაში იღებდნენ მასწავლებლები კრედიტებს და სწორედ ამიტომ გავაუქმეთ ეს სისტემა - კრედიტების მინჭება-არმინიჭება სადავო იყო და ბუნდოვანი. 

- იმასაც გსაყვედურობენ - ბერიკა შუკაკიძემ მოიფიქრა კრედიტები და ახლა აუქმებსო...

- მე არაფერი მომიგონია და კრედიტებთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს; კრედიტები როდესაც გაჩნდა, მაშინ ამ თანამდებობაზე არ ვმუშაობდი!

- მასწავლებლისთვის სავალდებულო აქტივობები ხომ თქვენი მოგონილია. რა მოხდება თუ პედაგოგი არც გარედაკვირვებას გაივლის და არც ტრენინგებს დაესწრება?

- სტატუსს ვერ ჩამოვართმევთ - ის მუდმივია. ძალიან მარტივია, უფროს მასწავლებელს  ევალება, გაიაროს 20-საათიანი ტრენინგი,  წამყვანს 12 , მენტორს კი 8.

- გასაგებია, მაგრამ ამას თუ პრინციპულად ეწინააღმდეგება? არ უნდა ტრენინგებზე დასწრება - ურჩობს!

- რას ჰქვია, არ უნდა გადამზადება?! კარაქიანი პური ჭამოთ ან არ ჭამოთ - შეგიძლიათ, იურჩოთ სახლში, მაგრამ წარმოუდგენელია, გადამზადება არ უნდოდეს ინკულზიაში, კვლევაში, საგნის სწავლების მეთოდიკაში... თუ ტრენინგები არ უნდა, მაშინ როგორ უნდა განვითარდეს?! არ უნდა! - ასე არ არის. შემდეგ უკვე სკოლის დირექტორმა გადაწყვიტოს, ასეთი მასწავლებელი სკოლაში უნდა თუ არა!

- პრაქტიკოსების გამოცდაზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა. კიდევ ხომ არ იგეგმება გარკვეული შეღავათები იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც ტესტს ვერ გაივლიან?

- ეს ბოლო შანსია. ფაქტია -  სქემაში ეს ადამიანები აღარ არსებობენ და ბუნებრივია, მხოლოდ ამ ბოლო გამოცდით შეუძლიათ აიმაღლონ კომპეტენცია.

- თავდასხმების ობიექტი ხშირად ხდებით... ოლიმპიურ სიმშვიდესაც ინარჩუნებთ, მაგრამ ალბათ გწყინთ, მასწავლებლების საყვედურები.

- სიმართლე ისაა, რომ რასაც ვაცხადებთ, ეფუძნება კვლევებს. ახლაც ჩვენმა ჯგუფმა დაამუშავა 5 კვლევა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ; გამოვკითხეთ 1 863 სკოლის დირექტორი, თუ რა საჭიროებები აქვთ პედაგოგებს; ვაპირებთ შევისწავლოთ, მასწავლებლების პროფესიული საჭიროებისა და განვითარების სურვილი... როდის შევშფოთდებოდი, იცით? როცა რამეს გავაკეთებდი მხოლოდ საკუთარი მოსაზრების მიხედვით და მას არ ექნებოდა მყარი საფუძველი. ძველი სქემის კვლევა ჩავატარეთ , ვნახეთ რა არ მუშაობდა და რა აშორებდა მასწავლებლებს საკლასო ოთახს - სქემიდან ყველაფერი ამოვიღეთ.

რაც შეეხება სიმშვიდეს - საჯარო მოხელეს აქვს თმენის მაღალი ვალდებულება. პირველად არ ვარ საჯარო მოხელე და ეს კარგად ვიცი. ხშირად უწმაწური სიტყვებითაც გავულანძღივარ, ზოგი ჰალსტუხიან პეპელას მიწოდებს... რას ვიზამთ, ადამიანები არიან, ერთობიან...  რა უჭირს მერე? მე კი ბევრი საქმე მაქვს. ზოგი გაბრაზებულია, ზოგს ოჯახში აქვს პრობლემა და ჩემზე იყრიან ჯავრს, მაგრამ ეს არაფერია იმ მადლობებთან შედარებით, რასაც ყოველდღიურად ვიღებ.

- მადლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ იმას კი ხშირად იმეორებენ - ტრენინგები იმისთვის დააწესეს, ტრენერებმა თანხები ჩაიჯიბონ, ჩვენ კი გვაწვალებენო.

- მასწავლებლის სახლი ტრენინგებში არანაირ შემოსავალს არ იღებს. პირიქით, ჩვენ სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხებს ვხარჯავთ. რაც შეეხება სამომავლოდ, ტრენინგებს მხოლოდ მასწავლებლის სახლი არ ჩაატარებს და ჩაატარებენ სხვა პროვაიდერები.

- კერძო პროვაიდერები თუ ჩაატარებენ, ეს ნიშნავს, რომ პედაგოგებისთვის ტრენინგები ფასიანი ხდება?

- სახელმწიფოს თუ ექნება საშუალება, გამოყოს ვაუჩერი და მასწავლებელი ამ ვაუჩერით იმ პროვაიდერთან წავიდეს, რომელიც უნდა, კარგი იქნება. ვცდილობ, ვეძებ დონორებს, რათა სახელმწიფოსაც არაფერი არ დაუჯდეს, არც მასწავლებელმა გადაიხადოს თანხა და თუ ამაზეც გამლანძღავენ, გამლანძღონ, არ დავეძებ.

- ამბობენ, მასწავლებლების გამოცდებმა მოჭამა თავიო. გაუქმებას ხომ არ აპირებთ?

- სერტიფიცირების გამოცდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია; სერტიფიცირება არის საშუალება დავადგინოთ მასწავლებლის კომპეტენცია, როგორც საგნის, ასევე საგნობრივი მეთოდიკის მიმართულებით. ასე რომ, გამოცდების გაუქმებას არ ვგეგმავთ.

იხილეთ ასევე:


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება