სიახლეები
საინტერესო

„ქართული ენა აღარ ისწავლება, ბავშვები რუსულად საუბრობენ და დამახინჯებულ ისტორიას სწავლობენ“ - ენგურსგაღმა საგანმანათლებლო რეალობა
01-09-2021
-
+


დღეს, 1 სექტემბერს აფხაზეთში სწავლა დაიწყო - დასწრებითი ფორმატითა და მკაცრი რეგულაციებით. თუმცა ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ იქ, ენგურსგაღმა, მოსწავლეები დამახინჯებულ ისტორიას სწავლობენ და როგორც რესპონდენტები გვეუბნებიან, დაბალკლასელები მასობრივად მხოლოდ რუსულად საუბრობენ.

ის ახალგაზრდები, რომლებმაც სკოლა აფხაზეთში დაამთავრეს და ახლა უმაღლესი განათლების მიღება „დანარჩენ საქართველოში“ (ასე ეძახიან ენგურსაქეთა მხარეს) გადაწყვიტეს, თავიანთი მიზნების, დამოკიდებულებების, იქაური სასკოლო თუ საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და მიღებული გადაწყეტილების შესახებ etaloni.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრნენ. 

„როდესაც მე-11 კლასში ვიყავით, საშინელი პროპაგანდა მიმდინარეობდა, რათა თბილისში არ ჩაგვებარებინა. აფხაზურის მასწავლებლებისა და ზოგადად, აფხაზი პედაგოგებისგან ძალიან დიდი ზეწოლა იყო. ამბობდნენ: რატომ მიდიხართ იქეთ, მერე ვინ მოგცემთ იქ სამსახურს, აქეთ, სოხუმში ისწავლეთო. როდესაც იგებენ, რომ არ აპირებ სოხუმში სწავლის გაგრძელებას, აანალიზებენ - ეს ბავშვი თუ წავა, შეიძლება, აღარც დაბრუნდეს და იქით დაფუძნდეს... შემდეგ  ეწყებათ აგრესია. ჩემი კლასიდან უმრავლესობა სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წამოვედით... ერთხელ, აფხაზურის მასწავლებელმა იკითხა, თქვენი კლასიდან აქ ვინ რჩებითო, აფხაზეთის უნივერსიტეტს გულისხმობდა... 16 ბავშვიდან არც ერთი არ აპირებდა სოხუმში სწავლის გაგრძელებას. მასწავლებელმა გვითხრა, ასე თუ გინდათ თბილისში სწავლა, მაშინ სკოლაც იქეთ დაგემთავრებინათო“.

აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მიღების საკითხი რომ ერთგვარი გამოწვევაა; მათ იმაზე მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, ვიდრე იმ აბიტურიენტებს, ვინც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ის ახალგაზრდები, ვისაც უნდა, მათი ხმა დანარჩენ საქართველოს გააგებინონ, გაერთიანდნენ ორგანიზაციაში - „ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან!” სწორედ ამ ორგანიზაციის წევრი ჩვენი რესპონდენტიც, რომელიც წელს სწავლას თბილისში გააგრძელებს.

იგი ამბობს, რომ ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობისგან არ იგრძნობა აგრესია და არც მის მიმართ დამოკიდებულება შეუცვლია ვინმეს იმის გამო, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისში აპირებდა. ოჯახმაც იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ ყველა რისკი და საფრთხე აწონ-დაწონეს, საბოლოოდ კი, მაინც გადაწყვიტეს, რომ დედაქალაქში ისწავლიდა, რადგან  სურს, ხარისხიანი განათლება მიიღოს. ამბობს, რომ აფხაზეთის ერთადერთ უნივერსიტეტში კორუფციაა და იქ ადამიანი ცოდნით არ ფასდება.

უკვე სკოლის კურსდამთავრებული საუბრობს იმ ვითარებაზეც, რაც დღეს აფხაზეთის სკოლებშია. იგი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქართული ენის ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაწევაა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ენის პრობლემა მგონია. ნელ-ნელა ქართულს ყველა სკოლის პროგრამიდან იღებენ და რომ ვაკვირდები, პირველ-მეორე კლასში მე და ჩემი კლასელები ქართულად ჩვეულებრივად ვსაუბრობდით, პრობლემა არ გვქონდა. ახლა კი პირველი, მეორე, მესამე კლასის მოსწავლეები მასობრივად, მხოლოდ რუსულად საუბრობენ. ეს ხდება არამარტო გაკვეთილზე, არამედ ეზოში, ქუჩაში, თამაშისას და ეს პროპაგანდა აქტიურად მუშაობს - იციან, რომ ენა არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც ხალხს აქვს და როდესაც ენას უკვე სკოლიდან, ბაღიდან ართმევ ბავშვს და მან ქართულად წერა-კითხვა არ იცის, იგი სასწავლებლად „დანარჩენ საქართველოში“ ვერ წავა“.

ასევე საინტერესოა, აფხაზური ენის სწავლების კუთხით რა მდგომარეობა იყო სკოლებში. მისი თქმით, გალში ბავშვები აფხაზურად ვეღარ საუბრობენ. მართალია, სკოლაში საგანი ისწავლება, თუმცა არა იმ დონეზე, რომ გაკვეთილზე მიღებული ცოდნით ადამიანი აფხაზურად აალაპარაკონ.

ახალგაზრდა ამბობს, რომ მისი მიზანია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილს შორის გაწყვეტილი კავშირი აღადგინოს.

„მინდა, რომ ხიდი აღვადგინო აქაურ საზოგადოებასა და ამ ხიდსმიღმა ადამიანებს შორის. იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან ერთმანეთის ხმა  არ მიდის და ალბათ ამის გამოსწორებას შევეცდებოდი.“

იგივე მიზანი აქვს ჩვენს მეორე რესპონდენტსაც, რომელიც სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გეგმავს და სოხუმში განვითარების ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს; ფიქრობს, თბილისში მეტად თავისუფალი იქნება და არ შეეშინდება საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, ვინმე რამეს დაუშავებს. აცნობიერებს რისკებსაც, შეიძლება ოდესმე არალეგალური გზით სარგებლობაც მოუწიოს, რაც განსაკუთრებით საშიში მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე თვის წინ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობისას, ენგურში ადამიანები დაიხრჩნენ. ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებას - სწავლა თბილისში გაეგრძელებინა -  ოჯახისა და მასწავლებლების სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

„წელს ჩემი კლასიდან სოხუმში სასწავლებლად არავინ არ წასულა, 100% თბილისში მიდის უმაღლესი განათლების მისაღებად და ზოგადად, ძალიან ხშირად ხდება, რომ ახალგაზრდები სოხუმში სასწავლებლად არ მიდიან. ეს ამბავი კი ყველასთვის მისაღებია“ .

ამბობს, რომ ძალიან ბევრჯერ უფიქრია, სახლში დაბრუნება საკუთარი საქმიანობის გამო რომ ვეღარ შეძლოს, მაგრამ ყველა სიძნელის მიუხედავად, რაღაცის შეცვლა ძალუძს და არ უნდა, მომავალი თაობებიც ამ მოცემულობაში გაიზარდონ:

„ძალიან ხშირად მიფიქრია, რომ ჩემი მომავალი საქმიანობის გამო შეიძლება სახლში დაბრუნება ვეღარ შევძლო. ბევრი ადამიანის ისტორიაც მომისმენია ამაზე და ვიცი, რისი მოლოდინი უნდა მქონდეს, მაგრამ აქ დიპლომი ფულით განისაზღვრება, თუ ნაცნობები არ გყავს კარიერაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი და ძალიან დიდი უთანასწორობაა. არ მინდა, რომ მომავალი თაობებიც ისეთივე პირობებში გაიზარდონ, როგორც ეს ჩემს და ჩვენს წინამორბედ თაობას მოუწია. ჩვენ ვთვლით, აფხაზეთი საქართველოა და რუსები ჩვენი მტრები არიან“, - ამბობს „ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან!” ორგანიზაციის წევრი და დასძენს, რომ  ადგილობრივ ბავშვებს ისტორია დამახინჯებულად მიეწოდებათ:

„ვფიქრობ, რომ ხალხებს შორის ურთიერთობები უნდა შეიცვალოს, იმას ვგულისხმობ, რომ აქაური ბავშვები ძალიან შეცვლილ, დამახინჯებულ და ტყუილებით სავსე ისტორიას სწავლობენ. სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი დამოკიდებულება დანარჩენი საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, რომ ის ტყუილი, რაც თავის დროზე რუსებმა აფხაზ ახალგაზრდებს დააჯერეს, ყველაზე დიდი პრობლემაა და თუ მათი შეხედულებები შეიცვლება, შევძლებთ ერთობლივი ძალებით ოკუპაციასთან გამკლავებას“.

რაც შეეხება ქართული ენის ცოდნის პრობლემას. მისი თქმით, ბავშვებში ქართულის სიყვარული არ გამქრალა და ამას თავისი სკოლის მაგალითზე ამბობს. მასწავლებლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ ახალმა თაობამ მშობლიური ენა არ დაივიწყოს.

მისი სურვილია მთელ საქართველოში იმაზე ბევრად მეტი ისაუბრონ ოკუპაციაზე, ვიდრე დღეს საუბრობენ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება